უნგრული გამოცემა Csakfoci.hu-ის ჟურნალისტმა ლენკო პატრიკმა საქართველოს პირველ არხს სიახლე აცნობა – ამ ქვეყანაში კარიერას კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი გააგრძელებს.
ლაპარაკია 18 წლის თავდამსხმელ გიორგი ომარაშვილსა და 19 წლის მარცხენა მცველ ალექსანდრე კალანდაძეზე. ორივე ახალგაზრდა თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. ისინი უნგრეთის მთავარი საფეხბურთო ლიგის ბინადარმა „დიოშდიორმა“ წარადგინა, რომელიც უნგრეთის ლიგაში მე-10 ადგილზე იმყოფება.
ფეხბურთელები „დინამო თბილისმა“ „დიოშდიორში“ ერთწლიანი იჯარით გაუშვა, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, კი უნგრულმა გუნდმა მათი ტრანსფერების გამოსყიდვის უფლება მიიღო. ორივე ახალგაზრდა პერსპექტივის გათვლით დაიმატეს – მთავარ გუნდში ივარჯიშებენ და ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ ლაშა დვალი თამაშობს უნგრეთის ჩემპიონ „ფერენცვაროშში“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. ამას გარდა, ზაფხულში ვიცე-ჩემპიონ „ფეჰერვარში“ ბუდუ ზივზივაძე გადავიდა, „მეზოკოვეშდში“ – ლუკა ლაკვეხელიანი, ხოლო ორიოდე დღის წინ „უიპეშტში“ გიორგი ბერიძე ჩაირიცხა.