კიდევ ერთი ქართველი "ზე რაგბიში" – ნიკოლოზ ხატიაშვილი "სანვულვზში" ითამაშებს
პირველი ქართველი მორაგბე, რომელმაც “ზე რაგბიში” ითამაშა ჯაბა ბრეგვაძეა, რომელმაც იაპონური “სანვულვზის” სეზონის პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ტრავმა მიიღო. უახლოეს მომავალში “ზე რაგბის” ლეგიონს კიდევ ერთი ქართველი პირველხაზელი – ნიკოლოზ ხატიაშვილი შეემატება.
ხატიაშვილი 2014/15 წლების სეზონიდან “ორიაკში” თამაშობდა, რომელიც საფრანგეთის პროდ2–ში გამოდის. მას აღნიშნულ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ჩათვლით აკავშირებდა, თუმცა იაპონელთა დაინტერესების გამო გუნდთან ურთიერთობა გაწყვიტა და ახლა უკვე მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო ტურნირისათვის ემზადება. ნიკოლოზ ხატიაშვილი “სანვულვზს” 26 მარტს შეუერთდება.
ქართველ მორაგბეს სანაკრებო დებიუტი 2015 წლის 13 ივნისს, თბილისში, ურუგვაის ნაკრების წინააღგმდეგ ჰქონდა. მან “ბორჯღალოსნების” კვართი სამჯერ მოირგო.