კიდევ ერთი ქართველი ყაზახეთში - ანტონ თოლორდავა კარიერას ყარაღანდის „შახტიორში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ქართველი მცველი ანტონ თოლორდავა კარიერას ყარაღანდის „შახტიორში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ყაზახური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენი გუნდის განკარგულებაშია ქართველი მცველი ანტონ თოლორდავა. 26 წლის ფეხბურთელის ბოლო კლუბი სერბული ნიშის „რადნიჩკი“ იყო. თოლორდავა ასევე თამაშობდა „თელავსა” და ესტონურ „ლევადიაში“, – წერს კლუბის ვებგვერდი.
თოლორდავა სერბულ კლუბში 2022 წლის ივლისში ჩაირიცხა. მან „რადნიჩკის“ ფორმით სერბეთის ჩემპიონატსა და თასზე 8 მატჩი ჩაატარა, ყველა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ქართველმა მცველმა ორ თვეში კლუბი დატოვა, რა გახდა ამის მიზეზი, უცნობია.
ყარაღანდის „შახტიორი“ საწვრთნელ შეკრებაზე თურქეთში იმყოფება, სადაც არაერთი საკონტროლო მატჩია დაგეგმილი. გუნდში მანამდე თემურ ჩოგაძე ირიცხებოდა, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.