კიდევ ერთი დებიუტანტი ეროვნული ლიგიდან - სანიოლის გადაწყვეტილებით, აზაროვი საქართველოს ნაკრებს დღეს შეუერთდება #1TVSPORT
ესპანეთთან დასანანი მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრები, 31 მარტს საბერძნეთს სალონიკში ესტუმრება და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მე-3 შეხვედრას გამართავს.
ნაკრების შემადგენლობაში სასიამოვნო სიახლეა. ჩვენს ნაკრებს ეროვნული ლიგიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი ეყოლება. „დინამო ბათუმის“ მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი გუნდს შეუერთდება და საბერძნეთთან მატჩისთვის მოემზადება.
19 წლის ფეხბურთელი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში იყო გამოძახებული, მაგრამ ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, აზაროვი ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება. რამაზ სვანიძის გუნდი კი დღეს, 29 მარტს ამხანაგურ შეხვედრას ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
საქართველო-საბერძნეთის პირდაპირ რეპორტაჟს, 31 მარტს 22:45 საათზე საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.