კიდევ ერთი ახალწვეული „ტორპედოში“ - ქუთაისში კამერუნის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი დაიმატეს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ კიდევ ერთი ლეგიონერით გაძლიერდა. კლუბმა კამერუნელი თავდამსხმელი დაიმატა – ინფორმაციას „ტორპედოს“ პრეს-სამსახური ავრცელებს.
„დანიელ ბარელ ტუეტო ფოტსო „ტორპედოს“ ფეხბურთელია. 19 წლის კამერუნელმა ფორვარდმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. წარმატებებს ვუსურვებთ დანიელს ჩვენს დიდ ოჯახში“, – წერია „ტორპედოს“ განცხადებაში.
მიუხედავად ასაკისა დანიელს, როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო დონეზეც კარგი გამოცდილება აქვს. „ტორპედოს“ ახალწვეული კამერუნის 17 წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, ამჟამად კი 23-წლამდელთა ღირსებას იცავს.
ქუთაისურ კლუბში გადმოსვლამდე დანიელ ბარელ ტუეტო ფოსტო ზაგრების „დინამოს“ 19 წლამდელთა კლუბის წევრი იყო, სადაც კამერუნელმა თავდამსხმელმა 2021/22 წლის სეზონში 17 ჩატარებულ შეხვედრაში 23 გოლის გატანა მოახერხა.
ტრანსფერი ახალგაზრდა მენეჯერის, გეგი კიკაბიძის მონაწილეობით განხორციელდა, რომელმაც მცირე ხნის წინ „ტორპედოში“ პორტუგალიელი ცენტრალური მცველი პედრო მონტეირო ჩამოიყვანა.