ხვიჩას გუნდთან კონტრაქტი აქვს და თუ წავა, ზაფხულში უნდა დაბრუნდეს - ქეცბაიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა #1TVSPORT
თემურ ქეცბაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ერთ-ერთ ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„მაფიქრებს ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობა. ქართველი გულშემატკივრების უმეტესობას ძალიან არ მოსწონს, რომ აქვს შანსი რუსეთის პრემიერლიგის დატოვების, მაგრამ ჯერაც რჩება. ამის გამო ქართველი გულშემატკივრები აკრიტიკებენ. თქვენი აზრით, რამდენად იმოქმედებს ეს მის განწყობაზე საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლის დროს? და როგორ უნდა მოიქცეს თქვენი აზრით ხვიჩა კვარაცხელია?“, – „ანორთოისის“ ქართველმა მწვრთნელმა გადაცემის წამყვანის ამ შეკითხვას უპასუხა.
„მე არ მესმის კრიტიკის. ხვიჩას იმ გუნდთან კონტრაქტი აქვს და წასვლა შეუძლია სეზონის ბოლომდე, მაგრამ შემდეგ უნდა დაბრუნდეს. იმედია, ამ დროისთვის ომიც დამთავრდება, ყველაფერი კალაპოტში ჩადგება და გუნდში უნდა დაბრუნდეს. რომ წავიდეს, სად უნდა წავიდეს – არის ისეთი შემოთავაზება? მე არ ვიცი, ამ თემას ახლოს არ ვიცნობ და ამიტომ ვერაფერს დავამატებ“, – ამბობს თემურ ქეცბაია.
„ანორთოსისის“ ქართველი მწვრთნელის თქმით, მთავარია, ახლა ქართველ თავდამსხმელს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს:
„მთავარია, რომ ახლა ხვიჩამ ივარჯიშოს, ითამაშოს, რადგან საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, როგორც საკუთარ გუნდში. იმედია, მარტის სანაკრებო თამაშებსაც სათანადო მდგომარეობაში შეხვდება და გუნდს დაეხმარება, რომ შედეგებს მიაღწიოს“, – აცხადებს ქეცბაია.