ხვიჩა რუსეთში არ დარჩება - კვარაცხელიას მამის ამ განცხადებას რუსეთში გამოეხმაურნენ #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას მამამ – ბადრი კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ხვიჩა ყაზანის კლუბს უახლოეს მომავალში დატოვებდა.
ამის შესახებ კომენტარი სახელმწიფო სათათბიროს ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წევრმა, დიმიტრი სვიშჩოვმა გააკეთა.
„ნუ რეაგირებთ მამის ემოციურ განცხადებაზე. უნდა დაველოდოთ თავად სპორტსმენის ოფიციალურ სიტყვას, მშობლები ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, მაგრამ თითოეულ სპორტსმენს თავისი პოზიცია აქვს. ჩვენ კი კარგად ვერ გავიგეთ, მამამისი რას გულისხმობდა. იქნებ თქვა, რომ ხვიჩა არ დარჩებოდა რუსეთში, მაგრამ წავიდოდა იტალიაში ან გერმანიაში სათამაშოდ. იმედი მაქვს, ეს სიტყვები არ უკავშირდება ჩვენს სახელმწიფოებს შორის რთულ ურთიერთობებს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჯერ სპორტსმენის ოფიციალური განცხადება არ მოგვსმენია. თუ ხვიჩა რუსეთში არ ითამაშებს, ეს ნიშნავს, რომ მან უკეთესი შეთავაზება მიიღო. ეს არის სპორტსმენის პოზიცია და არჩევანი“, – განაცხადა დიმიტრი სვიშჩოვმა.
ამ დროს, ბადრი კვარაცხელიამ სრულიად უმტკივნეულო განცხადება გააკეთა, რომ ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაში“ რუსეთის ჩემპიონატს დატოვებს:
„100%-ით გარწმუნებთ, რომ ხვიჩა ზაფხულში „რუბინს“ აუცილებლად დატოვებს. ჯერ არ ვამბობ, რომელ გუნდში წავა. ის ბევრ კლუბთან აპირებს დალაპარაკებას. დაისვენებს და თავად გადაწყვეტს, სად ითამაშებს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი შვილი რუსეთში არ დარჩება“.