დორტმუნდის „ბორუსიას" ინკოგნიტო წარმომადგენელი - კლუბს კვარაცხელიას ყიდვა სურს
ყაზანის „რუბინი“ იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას ზაფხულამდე შეინარჩუნებს, შემდეგ კი, მის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს. გასულ ზაფხულს კლუბმა უკვე უარი თქვა 15 მილიონიან შეთავაზებაზე.
ყაზანის „რუბინი“ 19 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ერთ თვეზე მეტია მოლაპარაკებას გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან, დორტმუნდის „ბორუსიასთან“ აწარმოებს, გერმანელები კი მოთამაშეზე ინფორმაციებს დეტალურად სწავლობენ – ინფორმაციას რუსული გამოცემა „ჩემპიონატი“ გერმანული კლუბიდან და „რუბინიდან“ მოწოდებული ცნობის საფუძველზე ავრცელებს.
„ყაზანის „რუბინის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია შედის იმ ფეხბურთელთა სიაში, რომლებითაც დორტმუნდის „ბორუსიაა“ დაინტერესებული“, – წერს რუსული გამოცემა.
ამავე დროს, „ჩემპიონატი“ გერმანული კლუბის წარმომადგენლის კომენტარს აქვეყნებს, რომელიც საკუთარ ვინაობას არ ამხელს.
„გუნდი კვარაცხელიას პირველად არ აკვირდება, მაგრამ ამჯერად ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობის დეტალურ შესწავლაზე ვსაუბრობთ. პირველ რიგში, დაგვჭირდება ფიფას ავტორიზებული აგენტი, რომელიც კლუბის მხრიდან მის რუსულ წარმომადგენელთან იმუშავებს (დღეს მამუკა ჯუღელია). მეორეც, „ბორუსიამ“ უნდა გაყიდოს მოთამაშე, ხვიჩა რომ შეიძინოს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხარეები ზამთარში გადასვლაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ტრანსფერზე კონსულტაციები თვეზე მეტხანს მიმდინარეობს”, – აცხადებს გერმანული კლუბის წარმომადგენელი.