ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილის ფასი რეკორდულად გაიზარდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილის ფასი რეკორდულად გაიზარდა #1TVSPORT

ტრანსფერმარკტის“ განახლებული მონაცემებით, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი რეკორდულად გაიზარდა.

ნაპოლიში“ გადასვლამდე ხვიჩა კვარაცხელიას გრაფაში 15 მილიონი ევრო ეწერა, სექტემბერში 35 მილიონი გახდა, ახლა კი მისი ფასი თითქმის გაორმაგდა და 60 მილიონ ევროს მიაღწია – ასეთი შეფასება ქართველ ფეხბურთელს აქამდე არ ჰქონია. ასევე გაიზარდა გიორგი მამარდაშვილის ღირებულებაც – საქართველოს ნაკრების მეკარე „ვალენსიაში“ 800 ათას ევროდ გადავიდა. „ვალენსიაში“ თამაშის პერიოდში გიორგი ფასმა რამდენჯერმე მოიმატა და ახლა უკვე 25 მილიონი ევროა, რაც მეკარეებისთვის მშვენიერი მაჩვენებელია.

შეიცვალა „ჰათაისფორის“ ფლანგის შემტევის საბა ლობჟანიძის ფასი და ის 4,3 მილიონიდან 3,3 მილიონამდე შემცირდა, ხოლო„ანკარაგუჯუს“ თავდამსხმელის, გიორგი ბერიძის ღირებულებამ მოიმატა და 1 მილიონი ევრო გახდა.

საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა სამეული ასეთია:

1. ხვიჩა კვარაცხელია, ნაპოლი – 60 მლნ. ევრო

2. გიორგი მამარდაშვილი, ვალენსია – 25 მლნ. ევრო

3. საბა ლობჟანიძე, ჰათაისფორი – 3.30 მლნ. ევრო

აღსანიშნავია, რომ „ტრანსფერმარკტის“ მიერ ფასების განახლების შედეგად, საქართველოს ნაკრების შეფასება 81,80 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია – ასეთი ფასი ჩვენს ნაკრებს არასოდეს ჰქონია.