ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემით „ნაპოლიმ“ სტუმრად „უნიონ ბერლინი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინში „უნიონს“ დაუპირისპირდა და ქართველი თავდამსხმელის საგოლე გადაცემით გერმანული გუნდი 1:0 დაამარცხა.
ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში კვარაცხელია იტალიის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში იყო. მატჩი გერმანელებმა აქტიურად დაიწყეს და როგორც დააანონსეს, ქართველ თავდამსხმელს თავისუფალ სივრცეს არ უტოვებდნენ. როდესაც ხვიჩა შეტევის გამწვავებას ცდილობდა, მასთან უხეშობასაც არ ერიდებოდნენ.
მე-10 წუთზე „უნიონის“ ავსტრიელმა მცველმა, კრისტოფერ ტრიმელმა ქართველთან წესის დარღვევისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. „ნაპოლიმ“ გერმანული გუნდის შეტევები შეაჩერა და ტაიმის ბოლოსკენ ბურთის გაკონტროლება დაიწყო, მაგრამ შეტევაში არაფერი გამოსდიოდა. იტალიელებმა კარში ზუსტადაც ვერ დაარტყეს და შესვენებამდე 0:0 დაფიქსირდა.
მეორე ნახევარში „ნაპოლიდან“ პირველი მწვავე მომენტი კვარაცხელიამ ტაიმის დასაწყისშივე შექმნა. ხვიჩა ორ მცველს შორის გაძვრა და კარში დაარტყა, მაგრამ მეტოქე გადაეფარა და გუნდი გოლისგან გადაარჩინა.
ქართველი შემტევის აქტიურობით გოლი მაინც გავიდა. 65-ე წუთზე ხვიჩა მარცხენა ფლანგზე მცველს გაექცა და საჯარიმოში შევარდნილმა კარის წინ ჯაკომო რასპადორი მონახა, რომელმაც „ნაპოლი“ დააწინაურა – 1:0.
89-ე წუთზე რუდი გარსიამ კვარაცხელია შეცვალა. „ნაპოლი“ ჯგუფში მეორე გამარჯვებით 3 ტურის შემდეგ 6 ქულით მეორე ადგილზეა და მადრიდის „რეალს“ (9) ჩამორჩება, რომელმაც გასვლაზე „ბრაგა“ დაამარცხა 2:1.