ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ოფიციალური მატჩი პირველი ნოემბრის შემდეგ - „ნაპოლი“ „ინტერთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი სეზონის ყველაზე რთული და დაძაბული მატჩით განაახლა – ლუჩანო სპალეტის გუნდი „სან სიროზე“ „ინტერს“ დაუპირისპირდა და სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. პირველი წუთებიდან გამოჩნდა „ინტერის“ მწვრთნელის ჩანაფიქრი – მილანელები სტუმრებს ხისტად და ხშირად უხეშად ეთამაშებოდნენ, რამდენჯერმე კვარაცხელიას ფეხებში მტკივნეულად მოარტყეს.
ხვიჩას და „ნაპოლის“ მილანელებმა მაღალი პრესინგით სათამაშო სივრცეები ჩაუკეტეს და სამხრეთელებმა პირველ ტაიმში რეალური საგოლე მომენტი ფაქტობრივად ვერ შექმნეს. „ინტერს“ კი მწვავე კონტრშეტევებზე რამდენიმე შანსი მიეცა, მაგრამ ვერ ისარგებლა.
ხვიჩამ პირველი საგოლე მომენტი მეორე ტაიმის დასაწყისში შექმნა. 52-ე წუთზე მცველებში გაძვრა და კარის წინ ვიქტორ ოსიმენი დატოვა, მაგრამ მეკარე ანდრე ონანამ დაასწრო და „ინტერი“ გადაარჩინა. 56-ე წუთზე კი მასპინძლებმა თავისი შანსი გამოიყენეს. ფედერიკო დიმარკოს გადაცემით „ინტერი“ ედინ ჯეკომ დააწინაურა.
კვარაცხელია ისევ გააქტიურდა – 61-ე წუთზე „ინტერის“ საჯარიმოში ცრუმოძრაობებით მცველები ჩამოიშორა და დაარტყა, მაგრამ კარს ოდნავ ააცილა. 76-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელი „ნაპოლის“ მწვრთნელმა შეცვალა.
ეს იყო ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ოფიციალური მატჩი 1 ნოემბრის შემდეგ. ამ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლიმ“ „ლივერპულთან“ ითამაშა და სწორედ ამ შეხვედრაში მიიღო ქართველმა ფორვარდმა წელის ტრავმა, რის გამოც ორი თვე გაუცდა.
„ნაპოლი“ სეზონში პირველად დამარცხდა (1:0), მაგრამ ლუჩანო სპალეტის გუნდი 16 ტურის შემდეგ სერია A-ში 41 ქულით პირველ ადგილს ინარჩუნებს.