ხვიჩა კვარაცხელიას პენალტით „ნაპოლიმ“ იტალიის თასზე „მოდენა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ და „ნაპოლიმ“ სეზონი სერია B-ს წარმომადგენელ „მოდენასთან“ რთული სათასო მატჩით გახსნეს. შეხვედრა ნეაპოლელებმა პენალტების სერიაში მოიგეს, გადამწყვეტი დარტყმა კი ქართველმა თავდამსხმელმა შეასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო კონტეს შეგირდები დაბალი ლიგის გუნდს ხვდებოდნენ, იტალიის თასის 1/32-ფინალური დაპირისპირების მოგება გაუჭირდა.
გამარჯვებული ვერც ძირითად და ვერც დამატებულ ტაიმებში გამოვლინდა და დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც „ნაპოლიმ“ იმარჯვა – გადამწყვეტი დარტყმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა, რომელიც გასულ სეზონში, გაფუჭებული თერთმეტმეტრიანების შემდეგ, პენალტებს აღარ არტყამდა. ამჯერად კი მიზანს მიაღწია და გუნდი 1/16-ფინალში გაიყვანა.
იტალიის თასის 1/16-ფინალში გავიდა ლუკა ლოჩოშვილისა და დაჩი ლორთქიფანიძის „კრემონეზეც“, რომელმაც ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ „ბარი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. ქართველებიდან განაცხადში ლოჩოშვილი იყო, მაგრამ არ უთამაშია.
საბა გოგლიჩიძე იყო „ემპოლის“ განაცხადში, რომელმაც შინ „კატანძაროს“ 4:1 სძლია. 11 აგვისტოს საბა საზონოვის „ტორინო“ „კოზენცას“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება, ხოლო გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ „პიზას“ შეხვდება.