ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს 33-ე ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერს, საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.
კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო, 72 წუთი ითამაშა და ორჯერ სცადა გოლის გატანა. მისი პირველი დარტყმა მეკარემ მოიგერია, მეორედ კი მიზანს ააცილა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე მასპინძელთა განაცხადში მოხვდა, მაგრამ სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.
თამაში „ემპოლისთვის“ სასურველი სცენარით დაიწყო. მე-4 წუთზე იტალიის მოქმედი ჩემპიონის კარი ალბერტო ჩერიმ აიღო.
ევროტურნირების ბოლო თამაშების შედეგების მიხედვით, რეალურია, რომ იტალიამ ჩემპიონთა ლიგაზე ექვსი გუნდის გაყვანის უფლება მიიღოს, რაც „ნაპოლისთვის“ შანსია, თუმცა კალცონას გუნდმა ამჯერად ამ შესაძლებლობით ვერ ისარგებლა და 33 ტურის შემდეგ 49 ქულით მე-8 ადგილზეა.