ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ბარსელონასთან“ დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში „ბარსელონას“ ესტუმრა, 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
პირველი მატჩი ნეაპოლში 1:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა კატალონიელებმა კარგად დაიწყეს და ორბურთიანი უპირატესობა სწრაფად მოიპოვეს – მე-14 წუთზე ანგარიში ფერმინ ლოპესმა გახსნა, ხოლო ჟოაო კანსელუმ მე-17 წუთზე „ბარსას“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.
„ნაპოლის“ შეტევების ორგანიზება ძალიან უჭირდა. ამის ფონზე ხვიჩა კვარაცხელიას ბურთი, ფაქტობრივად, არ მისდიოდა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა რამდენჯერმე მაინც სცადა შეტევების განვითარება, თუმცა გუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და თამაშის გამწვავება ვეღარ მოახერხეს.
„ნაპოლიმ“ 30-ე წუთზე სხვაობა შეამცირა. სწრაფი კონტრშეტევა მატეო პოლიტანომ განავითარა და მისი გადაცემის შემდეგ ამირ რაჰმანიმ ეფექტური დარტყმით „ბარსელონას“ კარი აიღო.
„ნაპოლიმ“ მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო, ხვიჩას შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი მიზანს მცირე მანძილით ასცდა, ერთ ეპიზოდში კვარაცხელიას პასის შემდეგ მატიას ოლივერამ შანსით ვერ ისარგებლა.
იტალიელები თამაშის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ 83-ე წუთზე „ბარსელონას“ სწრაფი კონტრშეტევა რობერტ ლევანდოვსკიმ დააგვირგვინა – საბოლოოდ შეხვედრა მასპინძლებმა 3:1 მოიგეს და და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებენ.