ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი აღიარება - საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად ფეხბურთელი 42 წლის შემდეგ დაასახელეს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია, სპორტული ჟურნალისტების ვერსიით, საქართველოს 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენია.
საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენებისა და სპორტული მოვლენების ტრადიციული დაჯილდოება „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“ გაიმართა. ორგანიზატორი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია იყო, რომელიც გამოკითხვას 1964 წლიდან ატარებს.
„ნაპოლისა“ და „საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი პირველი ფეხბურთელია 42 წლის (1981 წელი) შემდეგ, რომელიც ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად ფეხბურთელი სამჯერ დაასახელეს – სლავა მეტრეველი 1964 წელს, პირველი გამოკითხვის გამარჯვებული გახდა, 1967 წელს – მურთაზ ხურცილავა, ხოლო 1981 წელს – რამაზ შენგელია.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ასევე დაასახელა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. ლეგენდარულ ძალოსანს, ლაშა ტალახაძეს 21-ე საუკუნის დასაწყისის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო გადაეცა.
მედიის რჩეული ქალი სპორტსმენი ანასტასია გუბანოვა (ფიგურული ციგურაობა) გახდა. საუკეთესო გუნდად ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები დასახელდა. წლის ახალგაზრდა სპორტსმენად გიორგი ცხოვრებაძე (ხელბურთი) აირჩიეს. წლის საუკეთესო მწვრთნელი კი საქართველოს 21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების დამრიგებელი რამაზ სვანაძე გახდა. საუკეთესო პარასპორტსმენად ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი აირჩიეს.
ქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, სახელობითი პრემიებით დაჯილდოვდნენ შემდეგი სპორტული ჟურნალისტები: მიხეილ კაკაბაძის პრემია – თამარ ბალავაძე, ნოდარ გუგუშვილის პრემია – ლაშა გოდუაძე (წიგნისთვის „კვარადონა“), ეროსი მანჯგალაძის პრემია – დავით ქლიბაძე, კოტე მახარაძის პრემია – ივიკო მახარაძე, ზაალ გიგინეიშვილის პრემია – თენგიზ პაჭკორია.