ხვიჩა კვარაცხელიას გამორჩეული თამაშის მიუხედავად, „ნაპოლიმ“ „ჯენოასთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „ჯენოას“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული თამაში ჩაატარა, გუნდმა მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1.
იტალიის სერია A-ს 24-ე ტურის შეხვედრაში პირველი რეალური მომენტი ხვიჩა კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ „ჯენოას“ მეკარემ საიმედოდ ითამაშა. ქართველი თავდამსხმელის წინააღმდეგ მატჩისას უხეშობდნენ, კვარაცხელიამ ეს ყველაფერი პირველ ტაიმში გააპროტესტა, რისთვისაც მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. კონტრშეტევა 47-ე წუთზე „ჯენოას“ დანიელმა ნახევარმცველმა, მორტენ ფრენდრუპმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. „ნაპოლის“ რიგებში ხვიჩა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, ხშირად იცვლიდა პოზიციას, გამწვავებას ცდილობდა და 85-ე წუთზე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მეკარემ მისი დარტყმული ბურთი მოიგერია.
საბოლოოდ, ჯოვანი დე ლორენცოს გადაცემით 90-ე წუთზე სირილ ნგონგემ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. სერია A-ს 24-ე ტურის შემდეგ ნეაპოლელებმა 36 ქულა დააგროვეს, მეცხრე ადგილზე არიან და ევროზონას ორი ქულით ჩამორჩებიან.