ხვიჩა კვარაცხელიამ „ვილეარეალს“ გაუტანა - „ნაპოლი“ ესპანელებთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ მოსამზადებელ შეკრებაზე მესამე საკონტროლო შეხვედრა ესპანურ „ვილიეარეალთან“ გამართა და 2:3 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
„სტადიო მარადონაზე“ გამართულ შეხვედრას დაახლოებით 30 ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველოს ნაკრების ლიდერი ტრავმის შემდეგ ჯერ საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ ბოლოსკენ ჩვეული ფეხბურთი მაინც აჩვენა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ქართველ შემტევს საშუალებას აძლევს, ფორმაში შევიდეს. „ვილიარეალთან“ მატჩში ხვიჩა ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა.
მე-12 წთზე ანგარიში „ვილიარეალის“ ფრანგმა ნახევარმცველმა ეტიენ კაპუემ გახსნა, მაგრამ „ნაპოლიმ“ მყისიერი რეაქცია გამოავლინა და სამ წუთში ოსიმენმა წონასწორობა აღადგინა. 30-ე წუთზე მარიო რუის კარგი პასის შემდეგ ხვიჩას „ნაპოლის“ დაწინაურება შეეძლო, თუმცა ვერ დაარტყა და შანსი ხელიდან გაუშვა.
მეორე ტაიმი „ვილიარეალმა“ უკეთ დაიწყო, იტალიელთა კართან სახიფათო მომენტები შექმნა და მიზანსაც მიაღწია. ნიკოლას ჯეკსონმა 67-ე წუთზე „ვილეარეალი“ დააწინაურა, სამ წუთში კი ნეაპოლელთა მცველის უხეში შეცდომის შემდეგ მეკარესთან პირისპირ ჟერარ მორენო გავიდა და „ვილეარეალის“ უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
ამის შემდეგ კვრაცხელიამ მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა და თამაში საკუთარ თავზე აიღო, შეხვედრის ბოლო წუთები ხვიჩამ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზეც ითამაშა.
78-ე წუთზე „ნაპოლიმ“ პენალტი მოიპოვა, რომელიც კვარაცხელიამ უნაკლოდ შეასრულდა. 85-ე წუთზე მისი დარტყმული მცველმა კუთხურზე მოიგერია. საბოლოოდ, „ნაპოლის“ კვარაცხელიას გააქტიურებამ ვერ უშველა და 2:3 დამარცხდა.