ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონისთვის მზადება გოლით დაიწყო #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონისთვის მზადება გოლით დაიწყო #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ რიგებში სეზონის პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და გოლი გაიტანა. ნეაპოლელებისთვის ეს მესამე ამხანაგური შეხვედრა იყო, რომელშიც გუნდი კასტელ დი სანგროში ალბანურ „ეგნატიას“ დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა.

„ნაპოლის“ მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ძირითად შემადგენლობაში ახალი მოთამაშეებიდან მხოლოდ „ფროსინონედან“ იჯარის შემდეგ დაბრუნებული მაროკოელი თავდამსხმელი ვალიდ ჩედირა და „რომადან“ დამატებული ლეონარდო სპინაცოლა ათამაშა.

საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა. სტანისლავ ლობოტკას გადაცემით ხვიჩა მეკარესთან პირისპირ გავიდა და ძლიერი დარტყმით გოლი გაიტანა. შვიდ წუთში ალბანელების კარი საჯარიმოს სიახლოვიდან მატეო პოლიტანომ აიღო.

შესვენების შემდეგ კონტემ შემადგენლობა შეცვალა და ახალწვეულების გამოცდა გადაწყვიტა. მინდორზე ვიხილეთ იტალიის ნაკრების მცველი ალესანდრო ბონჯორნო, მაიკლ ფოლორუშო და რაფა მარინი, კვარაცხელიამ კი მოედანი დატოვა. მოგვიანებით გოლები ჯოვანი სიმეონემ (52) და სირილ ნგონგემ (69) გაიტანეს.

„ნაპოლი“ სეზონის გახსნამდე კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ნეაპოლელები ოთხშაბათს, 31 ივლისს ფრანგულ „ბრესტს“ შეხვდებიან, ხოლო შაბათს, 3 აგვისტოს – ესპანურ „ჟირონას“.