ხვიჩა კვარაცხელია რუსულ კლუბში გადავიდა, მაგრამ რუსული არ იცის და კლუბთან ადაპტაციაში საბა კვირკველია ეხმარება – ამ და სხვა საინტერესო ამბებზე მოსკოვის „ლოკომოტივის“ ქართველმა ახალწვეულმა გუნდის ვებ-გვერდთან ინტერვიუში ილაპარაკა.
„თბილისში, ჩვეულებრივ ქართულ ოჯახში დავიბადე – ოჯახში ფეხბურთი ძალიან უყვართ. მამაჩემი ყოფილი ფეხბურთელია, ბავშვობიდან ამ სახეობაში ვარ და დარწმუნებული ვიყავი, რომ ფეხბურთელი გავხდებოდი.
თამაში „ოლიმპის“ აკადემიაში დავიწყე, შემდეგ იყო „ავაზა“ და თბილისის „დინამო“, რომელსაც ძალიან კარგი სკოლა აქვს. პროფესიულ ფეხბურთში დებიუტი „დინამოში“ მქონდა, გასული სეზონი კი „რუსთავში“ გავატარე“, – ამბობს კვარაცხელია.
18 წლის ფეხბურთელმა „ლოკომოტივზე“ ილაპარაკა: „ვიცოდი, რომ „ლოკო“ რუსეთის ჩემპიონია და როცა შემოთავაზება მივიღე, ერთი წამითაც არ მიფიქრია. ასეთ კლუბში თამაში ოცნების ახდენას ჰგავს. ამ გუნდში ქართველები ყოველთვის იყვნენ და წარმატებაც მოჰქონდათ. ეს ბიჭებმაც მითხრეს. ვიცი, რომ აქ ზაზა ჯანაშია და მალხაზ ასათიანი თამაშობდნენ. მათ საქართველოში ყველა იცნობს. საბა კვირკველიას კი პირველად აქ შევხვდი. ის ენობრივი ბარიერის დაძლევაში მეხმარება. გუნდში უფრო ახლოს იმათთან ვარ, ვისთანაც საბა ურთიერთობს. მოსკოვში აქამდე ნამყოფი არ ვიყავი. პატარა საქართველოს შემდეგ, შთამბეჭდავია. თავიდან ბაზაზე ვიცხოვრებ. შემდეგ კი მინდა ჩემი მშობლებიც ჩამოვიდნენ და ყველაფერი ვანახო. მათთვის ბინას ვიქირავებ.“