ხვიჩა კვარაცხელია - წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ჩემი სახელის მარადონასთან დაკავშირება და არც ვიცოდი, როგორი რეაგირება მომეხდინა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მან კარიერაზე, „ნაპოლიზე“, ჩემპიონთა ლიგასა და მეტსახელ „კვარადონაზე“ ისაუბრა.
„გადაჭარბების გარეშე შეიძლება „ნაპოლის“ სეზონის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია ვუწოდოთ. ლუჩანო სპალეტის გუნდი 33 წლის შემდეგ სერია A-ს პირველ ტიტულს უახლოვდება და შთამბეჭდავია ჩემპიონთა ლიგაზეც.
სადავო არაა, რომ ნეაპოლელთა სწრაფი აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა საქართველოს ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „ნაპოლიში“ გასულ ზაფხულს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა“, – წერია უეფა-ს ოფიციალურ გვერდზე, ექსკლუზიური ინტერვიუს შესავალში, სადაც კვარაცხელიამ უმაღლეს დონეზე ადაპტაციაზე, იტალიაში ცხოვრებასა და ახალ მეტსახელზე ისაუბრა.
„ნაპოლისთან“ ადაპტაციის შესახებ
მიჭირდა ამის დაჯერება. არა მხოლოდ ის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებდი, თუნდაც ის, რომ ასეთ გუნდში ვითამაშებ – სერია ა-ში, ყველაფერი სიზმარივით მეჩვენებოდა. მაგრამ როცა ყველაფერი გავაანალიზე, რომ სხვა დონეზე ვითამაშებდი, მივხვდი, რომ მატჩებისთვის მომზადება სხვანაირად მჭირდებოდა. სხვათა შორის, დარბაზში დატვირთვებთან შეგუებაც საჭირო იყო. ვფიქრობ, ამას კარგად გავართვი თავი და ყველაფერს საკმაოდ სწრაფად მოვერგე.
სერია A-ს შესახებ
სერია A განსხვავდება სხვა ლიგებისგან, სადაც მე მითამაშია. უპირველეს ყოვლისა, სისწრაფეებით. აქ მოთამაშეები ძალიან ტექნიკურები არიან, შესანიშნავები არიან როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. შესაძლოა, მთავარი განსხვავება სწორედ ესაა – თამაშის ტემპი.
მეტსახელის, „კვარადონას“ შესახებ
თავიდან ეს წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, ჩემი სახელი ფეხბურთის ლეგენდასთან თუ იქნებოდა დაკავშირებული. საერთოდ არ ველოდი, მაგრამ ამან დიდი სტიმული მომცა. არც ვიცოდი, ამაზე როგორი რეაგირება მომეხდინა, მადლობა მეთქვა ან სხვა რამე გამეკეთებინა. ნელ-ნელა ვეჩვევი და უნდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია ასეთ ფეხბურთელთან შედარება – ეს წარმოუდგენელია.
ნეაპოლისა და ნეაპოლელების შესახებ
ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ აქ ხალხი ფეხბურთისთვის ცხოვრობს. გარეთ არც ისე ხშირად გავდივარ, მაგრამ როცა მანქანაში ვჯდები, ვხედავ, რომ ეს ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობს, უყვართ და მარადონას, უბრალოდ, აღმერთებენ. მარადონა ყველგანაა, სადაც არ უნდა გაიხედო.
მშობლების როლზე საფეხბურთო განათლებაში
მამაჩემი (ბადრი კვარაცხელია) ყოველთვის მეხმარებოდა და ყოველი მატჩის შემდეგ რჩევებს არ ინანებდა. ძალიან დამეხმარა მასთან საუბრები და რჩევები. ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში. მაგრამ ვარჯიშზე დედას მივყავდი – როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, ის ყოველთვის ბოლომდე რჩებოდა და მელოდა. მშობლებმა ჩემს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.
ბათუმის „დინამოს“ შესახებ
ამ კლუბში გატარებული ორი თვე იყო უძლიერესი სტიმული, რომელმაც ადრე დაკარგული ენერგია დამიბრუნდა. სტადიონზე მისულმა გულშემატკივრებმა შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს. მე ძალიან ვემადლიერები კლუბს და მის ხელმძღვანელობას, მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო.
იგრძნობოდა, რომ გულშემატკივრები ტრიბუნებზე დაბრუნებისა და საფეხბურთო ატმოსფეროში ჩაძირვის შესაძლებლობას ელოდნენ. ბევრი მატჩი ჩატარდა სავსე სტადიონზე, ასეთი ატმოსფერო ქართულ ფეხბურთს და მოთამაშეებს ძალიან აკლდათ. სავსე ტრიბუნები უნიკალური და ფასდაუდებელი სტიმულია. გულშემატკივრების გარეშე მოტივაციის პოვნა ძნელია.
საქართველოს ჩემპიონატში ბევრი საოცარი მოთამაშეა, რომლებსაც შეუძლიათ წინსვლა, შეუძლიათ, გახდნენ მაღალი კლასის მოთამაშეები. ყველას მოვუწოდებ, მივიდეთ „დინამოს“ მატჩებზე და მხარი დავუჭიროთ. მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს ყველა ფეხბურთელისთვის, სადაც არ უნდა თამაშობდნენ.
„დინამო თბილისის“ აკადემიის შესახებ
იქ 2011 წელს გადავედი, მაშინ აკადემიის ხელმძღვანელი ანდრეს კარასკო იყო. ის ძალიან დამეხმარა განვითარებაში, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ყოველთვის კარგად იყო ჩემ მიმართ განწყობილი. ანდრესი ნამდვილი პროფესიონალია.
მიზნებისა და ოცნებების შესახებ
თითქმის ყოველი ვარჯიშის შემდეგ ბიჭებთან ერთად ისევ ბურთს დავსდევდი – სამი-ოთხი საათი ფეხბურთს ვთამაშობდით. მაშინ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდებოდი – ჩვენნაირი პატარა ქვეყნის ფეხბურთელებს საამისოდ რთული გზის გავლა უწევთ. მაგრამ მე ყოველთვის ამისთვის ვიბრძოდი და ოცნება არასდროს შემიწყვეტია. ახლა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში ვთამაშობ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
რიცხვ 77-ის მნიშვნელობის შესახებ
ეს გადაწყვეტილება მამუკა ჯუღელთან ერთად მივიღე. მაგრამ მას ჩემს აგენტს არ ვუწოდებ. ის ჩემი ოჯახის წევრივითაა და 14 წლიდან ვიცნობ. ნომერს ყოველთვის ერთად ვირჩევთ. ჩემი საყვარელი ციფრი შვიდია. ამიტომ ერთად გადავწყვიტეთ, 77 ნომერი ჩამეცვა.