ხვიჩა კვარაცხელია ტოპ ხუთ ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზეა - ქართველი სეზონის ყველაზე პროდუქტიულ ფეხბურთელებში მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT
უკრაინულმა გამოცემა Sport.ua-მ გამოაქვეყნა ევროპის ტოპ ჩემპიონატების სეზონის ყველაზე პროდუქტიული ფეხბურთელების სია, სადაც სერია A-დან მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.
გამოცემამ მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები ე.წ. გერმანული სისტემის მიხედვით (გოლი+პასი) დაასახელა. ხვიჩა კვარაცხელია (სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე და სეზონის საუკეთესო ასისტენტი) სიაში მეშვიდე ადგილზეა. „ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა 22 ქულა დააგროვა, მან სეზონში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
სიაში მხოლოდ ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომელთა ანგარიშზეც ორნიშნა (ათზე მეტი) რაოდენობის გოლი და პასია.
ევროპის ტოპ ხუთი ჩემპიონატის ყველაზე პროდუქტიული ფეხბურთელები:
1. ლიონელ მესი (პსჟ, 31 ქულა, 15+16)
2. მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“, 30 ქულა, 19+11)
3. ანტუან გრიზმანი (მადრიდის „ატლეტიკო“, 27 ქულა, 14+13)
4. რენდალ კოლო-მუანი („აინტრახტი“, 25 ქულა, 14+11)
5. ნეიმარი (პსჟ, 24 ქულა, 13+11)
6. ბუკაიო საკა („არსენალი“, 24 ქულა, 13+11)
7. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, 22 ქულა, 12+10)
8. ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“, 21 ქულა, 11+10)
„ხვიჩა სერია A-ს მიმდინარე სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა. სეზონის ბოლოს ფეხბურთელის შედეგიანობა სერიოზულად შემცირდა, მაგრამ, მთლიანობაში, 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა ძალიან კარგი მაჩვენებლებია 22 წლის გარემარბისთვის, რომელმაც ტოპ ჩემპიონატში კარიერაში პირველი სეზონი ჩაატარა.
ასე რომ, სერია A-ს სადებიუტო სეზონში გაიბრწყინო და ჩემპიონობაც მოიპოვო, ეს სერიოზული ამბავია. ხვიჩამ საკუთარ თავს ძალიან მაღალი თამასა დაუწესა, ახლა მან ეს დონე უნდა შეინარჩუნოს“, – წერს უკრაინული გამოცემა.