ხვიჩა კვარაცხელია - ტკივილგამაყუჩებლით ვთამაშობდი და რაც მინდოდა ბოლომდე ვერ გავაკეთე, მთავარია, ნაკრებმა მოიგო #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ ერთა ლიგაზე ალბანეთის დამარცხების (1:0) შემდეგ ქართულ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი შეცვლის მიზეზი ტრავმა იყო.
„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, კოჭი გადამიბრუნდა და ტკივილგამაყუჩებლით ვთამაშობდი. ამიტომ ბოლომდე ვერ შევძელი, რისი გაკეთებაც მინდოდა. ნეაპოლში რომ ჩავალ, სურათს გადავიღებ და ტრავმის სიმძიმე ამის შემდეგ მეცოდინება.
მთავარია, ნაკრებმა გაიმარჯვა, მე კი რაც შემეძლო, მაქსიმუმი გავაკეთე. დანარჩენს დრო გვაჩვენებს და შევეცდებით, ასე გავაგრძელოთ. მთავარია, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და როგორც დავიწყეთ, ისე დავასრულოთ.
შეგვიძლია თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა? ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე თამაშისას და ახლაც დავამტკიცეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ერთა ლიგაზე ორი ძლიერი ნაკრები დავამარცხეთ. იმედია, დასახულ მიზანს მივაღწევთ.
გიორგი ჩაკვეტაძე უდიდესი ტალანტია და მასთან ერთად მოედანზე ყოფნა ჩემთვის კომფორტული და ძალიან სასიამოვნოა.
ალბანეთთან თბილისში როდესაც მოგვიწევს თამაში, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ამ გუნდს ჯგუფიდან გასვლა შეუძლია. ტირანაში სამი ქულა დავიმსახურეთ. თუმცა რთული ჯგუფია, რომელსაც ფავორიტი არ ჰყავს. ორიდან ორი მოგება გვაქვს და წარმატებისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ“.