ხვიჩა კვარაცხელია - შედეგის მიღწევა გლაზგოშიც შეგვიძლია #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია - შედეგის მიღწევა გლაზგოშიც შეგვიძლია #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია გლაზგოში „რეინჯერსთან“ ჩემპიონთა ლიგის გასვლითი მატჩისთვის ემზადება. „ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა ამის შესახებ კომენტარი Daily Record-თან გააკეთა.

ორწლიანი შესვენების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებულმა „ნაპოლიმ“ პირველ ტურში „ლივერპულთან“ 4:1 გაიმარჯვა. ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს, ოთხშაბათს, გლაზგოში „რეინჯერსის“ წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში „აიაქსმა“ შოტლანდიელები 4:0 დაამარცხა. მეორე ტურში სამი ქულის მოპოვება უკვე დიდი წინსვლა იქნება. ამის შესახებ Daily Record-თან ხვიჩა კვარაცხელია საუბრობს, – წერს ინგლისური გამოცემა.

„ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რომელ ადგილზე შეიძლება აღმოვჩნდეთ ჯგუფში, მაგრამ ჩვენს აზრს გამოვთქვამთ. ბედნიერები ვართ, რომ დავამარცხეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კლუბი, „ლივერპული“, – ამბობს კვარაცხელია.

21 წლის ქართველი თავდამსხმელის ამ სიტყვებს Daily Record-ი ასე აფასებს – „კვარაცხელია ზღაპარში ცხოვრობს და გაღვიძება საერთოდ არ სურს. ის მენტალიტეტით უკვე მომწიფებული მოთამაშეა“.

კვარაცხელიამ მოახლოებულ შეხვედრაზეც ისაუბრა:

„ინგლისელებთან მოგება კარგია, მაგრამ მაგრამ ეს უკვე წარსულის ნაწილია და ახლა გლაზგოელებთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ. იოლი თამაში არ იქნება, რადგან ისინი საკუთარი აუდიტორიის წინაშე ითამაშებენ, ვიცით რა ატმოსფერო სუფევს ამ მოედანზე. „რეინჯერსი“ ეცდება, შინ კარგ შედეგს მიაღწიოს, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავში ვართ დარწმუნებული და შედეგის მიღწევა გლაზგოშიც შეგვიძლია“.