ხვიჩა კვარაცხელია სეზონის პირველივე მატჩში შესვენებამდე თავბრუსხვევის გამო შეცვალეს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სეზონი „ვერონასთან“ გასვლითი შეხვედრით დაიწყო. ქართველი ფეხბურთელი თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.
საქართველოს ნაკრების წევრის კლუბში ზაფხულში ბევრი ცვლილება მოხდა და პირველ ტურში „ნაპოლის“ თამაშისადმი დიდი ინტერესი იყო. გუნდი გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა, ანტონიო კონტემ ჩაიბარა.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონას“ კარის აღება პირველად მე-10 წუთზე სცადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე მან მეკარისკენ გაკეთებული გამიზნული გადაცემა ჩაჭრა და მასთან პირისპირ გავიდა, თუმცა ბოლო მომენტში „ვერონას“ მცველი გადაეღობა და მასპინძლები გოლისგან იხსნა.
ამის შემდეგ ქართველმა თავდამსხმელმა მოედანი დატოვა. კადრში გამოჩნდა, რომ მას მეტოქის მცველმა, პაველ დავიდოვიჩმა სახეში ხელი მოარტყა. როგორც გამოცემა Tuttonapoli წერს, კვარაცხელიას თავბრუსხვევა ჰქონდა და თამაშის გაგრძელება ამის გამო ვეღარ მოახერხა.