ხვიჩა კვარაცხელია - საქართველოში ბავშვებს ვუყვარვარ და მათთვის მისაბაძი მაგალითი უნდა ვიყო #1TVSPORT
ბრიტანულმა გამოცემა Versus-მა საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ გამოაქვეყნა.
„ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ წამყვანი ფეხბურთელია. 23 წლის მოთამაშე კარიერას მხოლოდ ახლა იწყებს. მან ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2022 წელს გააფორმა, ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლამდე.
იტალიურ კლუბში მისი პირველი სეზონი წარმატებული და შთამბეჭდავი იყო, რომლის მიმდინარეობისას სამჯერ გახდა თვის საუკეთესო მოთამაშე, სეზონის ბოლოს კი დასახელდა სერია A-ს საუკეთსო ფეხბურთელად და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ. მას „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა „კვარადონა“ შეარქვეს.
კვარაცხელია მზადაა, კიდევ უფრო დიდი ისტორია დაწეროს – ხვიჩა თავმდაბლობითა და შრომისმოყვარეობით ახალგაზრდა თაობისთვის მისაბაძი მაგალითია“, – აღნიშნულია ინტერვიუს შესავალში.
რა ფიქრობთ მეტსახელ „კვარადონაზე?“ ახლახან ახსენეთ, რომ თქვენთვის პატივია, გულშემატკივრები ასეთ მსგავსებას რომ ხედავენ.
– დიახ, რა თქმა უნდა, რადგან მარადონა ნაპოლის ღმერთია და ეს მეტსახელიც სასიამოვნოა, მაგრამ ჩემს თავს მას ვერ შევადარებ, რადგან ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ვამაყობ, რომ ფანები „კვარადონას“ მეძახიან, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
თქვენ უნიკალური სათამაშო სტილი გაქვთ – შემოქმედებითი ფეხბურთელი ხართ. როგორ განავითარეთ ეს სტილი? ბავშვობაშიც ასე თამაშობდით?
– საქართველოში ვარჯიშის შემდეგ მეგობრებთან ერთად საათობით ვთამაშობდი და სწორედ იქ განვავითარე ის ტექნიკა, რომელსაც დღეს ვიყენებ. თავისუფლად თამაში ფეხბურთის სათამაშოდ ყოველთვის საუკეთესო საშუალებაა.
თამაშის სიყვარული ბევრს ნიშნავს, როდესაც ბურთს ეხებით, ჩანს, რომ ეს დიდ სიამოვნებას განიჭებთ.
– მიყვარს ეს სპორტი და ვცდილობ, ყოველი წუთით ვისიამოვნო. როდესაც ბურთით ვარ, თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ.
თქვენ გასულ წელს შესანიშნავად ითამაშეთ ჩემპიონთა ლიგაზე. როგორ გრძნობა იყო თამაშამდე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენა?
– ბავშვობაში სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს მოედანზე ცოცხლად მოვუსმენდი – ეს წარმოუდგენელი გრძნობა და ოცნების ახდენა იყო. ამან უფრო მოტივირებული გამხადა, ვცდილობ, მეტი ვიმუშაო და უკეთესი გავხდე.
თქვენი სახელი დიდ აჟიოტაჟს იწვევს, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევით. როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?
– რთულია ყურადღების ცენტრში ყოფნა. საქართველოში ბავშვებს ვუყვარვარ, ამიტომ მათთვის მისაბაძი მაგალითი უნდა ვიყო – მშვიდი, თავმდაბალი. ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.