ფიფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც 23 წლის თავდამსხმელი ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს.
„23 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ კარიერაში უკვე ბევრს მიაღწია. ქართველმა გარემარბმა საქართველოს ეროვნული ნაკრები და „ნაპოლი“ ახალ სიმაღლეებზე აიყვანა. ის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე ოცნებობს.
სერია A-ში გადასვლიდან რამდენიმე თვეში მან „ნაპოლი“ ისტორიულ მესამე სკუდეტომდე (დიეგო მარადონას წყალობით ბოლოს მოპოვებული ტრიუმფიდან 33 წლის შემდეგ) მიიყვანა, საქართველოსთან ერთად კი ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე ითამაშა. ამ მიღწევებმა ხვიჩა კლუბისა და ქვეყნის გმირად აქცია, მაგრამ გარემარბს მეტის მიღწევა სურს.
კვარაცხელიამ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა – საქართველოს ნაკრების მსოფლიო ასპარეზზე გაყვანაზე, „ნაპოლის“ ევროპულ აღიარებაზე, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით მუშაობაზე, მამობაზე და მრავალ სხვაზე“, – ასე წარადგინა ფიფა-ს ოფიციალურმა გვერდმა ქართველი ვარსკვლავი.
„მამობამ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. უცებ დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. შვილის დაბადებამ დიდი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ. იმედი მაქვს, ცხოვრებაში ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ ასეთი ბედნიერება განიცადოს.
უფრო მეტად მოტივირებული ვარ. მეტს ვმუშაობ, რადგან ვიცი, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, შვილისთვისაა. ეს ისე მახარებს, რომ სიტყვებით ძნელია ამის გადმოცემა, ასეთი ემოციები მაძლიერებს. ვცდილობ, ეს გრძნობა მოედანზე გადავიტანო და ამიტომ ჩემს გოლებს ჩემს ვაჟს, დამიანეს ვუძღვნი. იმედი მაქვს, მომავალში ისიც ფეხბურთელი გახდება.
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც შევეცდები, რომ შვილს ვასწავლო? უპირველეს ყოვლისა, მინდა, ვასწავლო, რომ იყოს ძლიერი. ცხოვრება სავსეა სირთულეებით, მაგრამ მათი გადალახვის გზა უნდა იპოვნო და ყოველთვის წამოდგე, როცა დაეცემი. მინდა, რომ მან ყველა დაბრკოლება გადალახოს და მზად იყოს გამოწვევებისთვის, რომელსაც ცხოვრებაში წააწყდება. ჩემი კარიერა საკმაოდ რთული იყო და ყველა სირთულეს, რაც შემხვედრია, მიზანმიმართულად და მონდომებით გავუმკლავდი. ბედნიერი ვარ იმ გზით, რაც ცხოვრებაში გავიარე.
ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი, მაგრამ თავიდან ეს არარეალურად მეჩვენებოდა. როცა პირველად საქართველოს ნაკრების თამაშის საყურებლად წავედი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს მოედანზე ამ გუნდის ფორმით ვიქნებოდი და ტრიბუნებიდან მიგულშემატკივრებდნენ. მაგრამ თუ გაქვს რწმენა და სურვილი, ყველაფერი შესაძლებელია და ოცნებები ახდება.
მინდა, ჩემი ქვეყნისთვის რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო. რასაც ახლა ვაკეთებ, მჯერა, რომ საქართველოს ვეხმარები და საქართველოც მეხმარება. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში დავიბადე, უზომოდ ვამაყობ, რომ ამ ისტორიული ქვეყნის შვილი ვარ. ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემმა ქვეყანამ გაიხაროს.
ევრო 2024-ზე კრიშტიანო რონალდოსთან შეხვედრას რაც შეეხება, პორტუგალიასთან ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა. ვთამაშობდი ფეხბურთელის წინააღმდეგ, რომელსაც ბავშვობიდან ვაღმერთებდი. თამაშის დაწყებამდე საკუთარ თავს ვუთხარი: „ეს ჩემი მომენტია“ და ვიცოდი, რომ ეს მოედანზე უნდა მეჩვენებინა. კუმირის წინააღმდეგ თამაში დიდი მოტივაციაა, წარმოუდგენელი იყო, როდესაც თამაშამდე წარმატებები მისურვა. უზომოდ ბედნიერი და დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველო გაიმარჯვებდა. იმ საღამოს ყველაფერი გავაკეთე და ჩემს გუნდს ისტორიული შედეგის მიღწევაში დავეხმარე.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ბევრი რამ შეუძლია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ოცნება ავისრულოთ და მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშოთ. გვჯერა, რომ შეგვიძლია და ეს არის მთავარი. გვაქვს უნარი და ხასიათი, რომ ოცნება რეალობად ვაქციოთ.
ყველა მოთამაშეს აქვს ნაკლი, რომლის გაუმჯობესებაც შეუძლია და არც მე ვარ გამონაკლისი. ამის მიღწევა ვარჯიშითა და თავდადებითაა შესაძლებელი. დეტალების დაზუსტების გარეშე ვიტყოდი, რომ ჩემი თამაშის ყველა ასპექტი მინდა გავაუმჯობესო. ფეხბურთისადმი სიყვარული მაიძულებს, მოედანზე ყოველთვის მაქსიმუმს გავცე, რადგან ფეხბურთმა ყველაფერი მომცა. როცა მოედანზე გავდივარ და ბურთი ფეხებთან არის, თავს თავისუფლად და ბედნიერად ვგრძნობ. გამიმართლა, რომ შემიძლია გავაკეთო ის, რაც მიყვარს და რაც მინდა.
ანტონიო კონტეს დიდი სურვილი იყო, რომ „ნაპოლიში“ დავრჩენილიყავი. მოხარული ვარ, მასთან მუშაობით. ის შესანიშნავი მწვრთნელია და მიხარია, რომ ამაში თავად დავრწმუნდი. კონტე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მასთან ერთად ვცდილობ, ფიზიკურად და ტაქტიკურად გავიზარდო. ვფიქრობ, ანტონიოს დახმარებით შემიძლია მივაღწიო სასურველ შედეგებს როგორც საკლუბო, ისე საერთაშორისო დონეზე.
…2023 წლის ფიფა-ს საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე წარდგენა დიდი ემოცია იყო. ამან მოტივაცია გამიზარდა და მაჩვენა, რომ ეს შემთხვევითი არ იყო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ დონეზე დავბრუნდე და დარწმუნებული ვარ, შევძლებ. ბევრს ვმუშაობ და მჯერა, რომ ჩემი შრომა დაფასდება.
„ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები ფეხბურთით ცხოვრობენ და სუნთქავენ. მათ ფეხბურთის სიყვარული აერთიანებთ. ეს სპორტი ქართველებისთვისაც და იტალიელებისთვისაც განსაკუთრებულია, ამიტომ ნეაპოლში პრობლემა არ მქონია, აქ თავს კარგად ვგრძნობ. მიხარია, რომ ეს კლუბი და ჩემი ნაკრები მხარს მიჭერენ.
დღევანდელი ვარსკვლავების თამაშს თუ შევხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთის მომავალი საიმედო ხელშია, მაგრამ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ისეთ ლეგენდებს, როგორებიც მესი და რონალდო არიან. ისინი კვლავ მაღალ დონეზე თამაშობენ. გამიმართლა და ბედნიერი ვარ, რომ მათ ეპოქაში ვითამაშე და ვნახე ის ფეხბურთი, რომელიც მათ თავიანთი თაობის სხვა ლეგენდებთან ერთად გვაჩუქეს.
ყველაზე დიდი ოცნება საქართველოსთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა, ხოლო „ნაპოლისთან“ ერთად – ჩემპიონთა ლიგის მოგება. იმედი მაქვს ორივეს ავიხდენ. საკლუბო ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულის მოპოვება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა კი – ყველა ქართველის. მჯერა, რომ ეს იქნება პატივისცემა ყველა იმ ფეხბურთელის, ვინც წარსულში საქართველოს სახელით თამაშობდა. გვინდა, მათ კვალს გავყვეთ, მივაღწიოთ ამ მიზანს და ჩვენი ქვეყანით ვიამაყოთ“.