ხვიჩა კვარაცხელია - ქართველებს სპორტის ყველა სახეობაში ვგულშემატკივრობ, მათი წარმატება ჩვენი სიხარულია
2020 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ყველა სახეობას შეძლებისდგავარად ადევნებს თვალს. საქართველოს პირველ არხთან საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ 19 წლის თავდამსხმელმა ქალთა ფეხბურთზე ილაპარაკა.
„ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ჩემპიონის, „ლანჩხუთის“ გამოსვლამ გამახარა და გამაოცა, გუნდი 1/16-ფინალში მოხვდა. მართალია, მერე ძალიან ძლიერი მეტოქე შეხვდა და გამოვარდა, მაგრამ მის გამოსვლას დადებითად შევაფასებდი. გოგონებმა დიდი გამოცდილება მიიღეს და იმედი მაქვს, მომავალ წლებში უფრო გაძლიერდებიან და მეტი წარმატებით გაგვახარებენ. ისინი ახალგაზრდები არიან და რა თქმა უნდა, გაიზრდებიან, მოუმატებენ და მეტ გამარჯვებებს მიაღწევენ. „ლანჩხუთს“ და მის თითოეულ წევრს ბედნიერ ახალ წელს, წარმატებას და დიდ სიხარულს ვუსურვებ, ისევე როგორც ყველა ქართველ სპორტსმენს. ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო იყო“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
მისი თქმით, ზოგადად ქართველ სპორტსმენებს ყველა სახეობაში გულშემატკივრობს.
„თუ ქართველები, ჩვენი გუნდები და ნაკრებები გამოდიან, რა თქმა უნდა, სხვა სახეობების გამოსვლას ვუყურებ და ვგულშემატკივრობ. მაგალითად, ჩვენს მოჭიდავეებს, კალათბურთელებს, მორაგბეებს, მოჭადრაკეებს. ბიატლონისტიც რომ იყოს, იმასაც ვუგულშემატკივრებ, რადგან მათი წარმატება ჩვენი სიხარულია. მიხარია, რომ ძალიან მაღალი დონის მოჭიდავეები, კალათბურთელები, მოჭადრაკეები, მორაგბეები რომ გვყავს“, – ამბობს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ 19 წლის თავდამსხმელი.