ხვიჩა კვარაცხელია – ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი, უკრაინასთან აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ #1TVSPORT

02:02, 26.09.2026

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან ერთა ლიგის მატჩის შემდეგ შემდეგ კომენტარი გააკეთა, მან გამოუყენებელი პენალტისა და წაგების გამო ბოდიში მოიხადა.

„რა თქმა უნდა, დღევანდელ თამაშს დადებითად ვერ შევაფასებთ, მაგრამ თავის ჩაქინდვრის დრო ნამდვილად არ არის. წინა ერთა ლიგა ორი გამარჯვებით დავიწყეთ, თუმცა საბოლოოდ ისე ვერ დავასრულეთ, როგორც გვსურდა.

შეიძლება ეს გამოცდილება უკეთ გამოვიყენოთ – მივხვდეთ, რა არის ჩვენი მინუსები, გავაანალიზოთ და შემდეგ მატჩში მოსაგებად გავიდეთ. მით უმეტეს, უკრაინასთან შეხვედრაში გულშემატკივრები ჩვენ გვერდით იქნებიან და, ალბათ, ეს ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იქნება. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.

დღევანდელ მარცხზე პასუხისმგებლობას სრულად ვიღებთ. ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რომელიც გვსურდა. ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. პირადად მე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოვიყენე, რისთვისაც ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი. ასეც ხდება, ეს ფეხბურთია, მაგრამ ვეცდები, შემდეგ შეხვედრაში ჩემი შეცდომა გამოვასწორო.

მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, მათ ძალიან კარგი ატმოსფერო შექმნეს. ჰიმნის შესრულებისას პირველად ვიგრძენი ასეთი მუხტი. იმდენად ხმამაღლა მღეროდნენ, თითქოს სტადიონი სრულად სავსე იყო. სამწუხაროდ, დღეს მათი გახარება ვერ შევძელით, თუმცა იმედი მაქვს, შემდეგ თამაშში ყველაფერს გამოვასწორებთ და ქომაგები შინ ბედნიერები დაბრუნდებიან“, – ამბობს კვარაცხელია.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო მატჩს 28 სექტემბერს უკრაინასთან ჩაატარებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი