ხვიჩა კვარაცხელია ოჯახთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს ესტუმრა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია ოჯახთან ერთად საქართველოს საპატრიარქოში იმყოფებოდა, – ინფორმაციას საპატრიარქოს ვებგვერდი ავრცელებს.
„23 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მიიღო.
შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), სამღვდელოება, ფეხბურთელის ოჯახის წევრები და საცოლე.
მისმა უწმინდესობამ დალოცა ხვიჩა კვარაცხელია, მისი თანმხლებნი, შემდგომი წარმატებები და ბედნიერება უსურვა“, – წერია საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე.
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი საქართველოს ნაკრების შეკრებაზე 21 მარტს ჩამოვიდა, 22 მარტს კი „ჯვაროსნებთან“ ერთად მარტის სანაკრებო თამაშებისთვს მზადება დაიწყო.
დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, 22 წლის ფეხბურთელმა დრო მაინც გამონახა და მშობლებთან და უახლოეს ადამიანებთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს ესტუმრა. ეს მისთვის ტრადიციაა – ხვიჩა საქართელოში ყოფნისას ეკლესიაში სისტემატურად დადის.
კვარაცხელია და საქართველოს ნაკრები 25 მარტს მონღოლეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, ხოლო 28 მარტს ჩვენი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება.
ორივე მატჩი ბათუმის სტადიონზე გაიმართება, სადაც ჩვენი გუნდი 24 მარტს გაემგზავრება და მზადებას ადგილზე გააგრძელებს. ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.