უზომოდ ბედნიერი ვარ, ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა რომ ჩავატარე, მადლობა ვაისს, რომელიც მენდო და მათამაშა, – ამბობს საქართველოს ნაკრების 18 წლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია.
მოსკოვის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელს მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ევრო 2020–ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში გიბრალტართან (3:0) საქართველოს ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი პირველად მისცა.
ხვიჩა კვარაცხელიამ გიბრალტართან თამაში შეაფასა.
„ძალიან სასიხარულოა, რომ ნაკრებმა მოიგო, იმედია, ასეც გავაგრძელებთ და კიდევ მოვიგებთ. ყველა ფეხბურთელი იმიტომ თამაშობს, რომ თავის ეროვნულ ნაკრებს დაეხმაროს. ეს ჩემი ოცნება იყო, რომელიც დღეს ავიხდინე“, – აღნიშნა მან.
18 წლის ფეხბურთელი მეორე ტაიმის დასაწყისში დაშავდა და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა. კვარაცხელიამ ჯერ არ იცის, ნაკრებს დანიაში გაყვება თუ არა: „ჯერ არ ვიცი, დანიაში თამაშს შევძლებ თუ არა, რადგან ექიმები ხვალ დაადგენენ, ტრავმა რა სირთულისაა“.