ხვიჩა კვარაცხელია - ნაკრებისთვის ამხანაგური თამაში არ არსებობს, ყველა მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია #1TVSPORT
„ნაპოლისა“ და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნული გუნდის ვებგვერდთან ინტერვიუში მარტის მოახლოებულ შეხვედრებზე და ქომაგებზე ისაუბრა.
„ნაკრებისთვის ამხანაგური თამაში არ არსებობს, ყველა მატჩი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ნორვეგიასთან, ასევე მონღოლეთთან და ძალიან კარგი იქნება, რომ სავსე სტადიონზე ვითამაშოთ, მჯერა, რომ ტრიბუნები ორივე შეხვედრაზე გაივსება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სტადიონიდან ქომაგები შინ გახარებული დაბრუნდნენ – ვეცდებით, ორივე თამაშში გავიმარჯვოთ.
ყველა ადამიანს, მათ შორის მეც, ალბათ აქვს მინუსი, თუმცა ყოველთვის ვფიქრობ, რა შეიძლება გამოვასწორო. მაგალითად, არის მომენტი, რომ გულშემატკივართან ფოტოს გადასაღებად ვერ გავჩერდი, მაგრამ უნდა გამიგონ, ხანდახან ეს რთულია – ამაზე მეც ვბრაზდები, რომ ვერ გავჩერდი… თუმცა, ვეცდები, ყველა ადამიანი გახარებული იყოს.
როცა ამდენი ხალხი გქომაგობს, პასუხისმგებლობაც მეტი გაქვს – მეტი უნდა გააკეთო და მოედანზე უფრო მეტი უნდა დაამტკიცო. აქვე ვიტყვი, რომ გულშემატკივრები ძალიან მეხმარებიან და ამიტომ დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო.
წარმატებაა თუ წარუმატებლობა, ქომაგი ყოველთვის გვერდში მიდგას. სულ თბილი მესიჯები მომდის და ძალიან მამხნევებენ. ვპირდები, რომ ჩემს მაქსიმუმს აუცილებლად ყოველთვის გავაკეთებ და უფრო მეტად ვეცდები, რომ ჩემი გულშემატკივრები გავახარო“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.