ხვიჩა კვარაცხელია - მსოფლიოში ბევრი ლამაზი კურორტია, მაგრამ სამეგრელოში დასვენება ყველაზე მეტად მიყვარს
„საქართველოში ბევრი მაგარი ფეხბურთელია, რომლებიც რუსეთის ლიგაში და “რუბინში” თამამად ითამაშებდნენ“, – ეს ინტერნეტ-პორტალ „ბიზნეს-ონლაინთან“ ვრცელ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა.
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ზაფხულში პირველი ქართველი იყო, რომელიც „რუბინში“ ჩაირიცხა. 18 წლის ასაკში მან სეზონში ყაზანური კლუბისთვის პირველი გოლი გაიტანა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. კვარაცხელია 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერ ლიგაში გაიტანა.
„ბიზნეს-ონლაინთან“ ინტერვიუში, ქართველი ლაპარაკობს, თუ რამდენად რთულია ამ ასაკში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელობა, ყველაზე მეტად რუსეთში რა ენატრება და როგორ მიიღეს საქართველოს ნაკრებში.
„ზაფხულში საქართველოს ნაკრებში პირველად გამომიძახეს. ქვეყნის მთავარ გუნდში გამოცდილმა მოთამაშეებმა ძალიან კარგად მიმიღეს. მე არც მომცეს საშუალება, რომ 18 წლის ახალგაზრდად მეგრძნო თავი. იქ ასაკს ყურადღებას არავინ აქცევს. საზეიმოდ მაჩუქეს საქართველოს ნაკრების ფორმა, ხოლო თავად ფეხბურთელებმა დერეფანი მომიწყვეს“, – აცხადებს კვარაცხელია.
18 წლის ფეხბურთელმა საქართველოზე ილაპარაკა და თქვა, რომ დასვენება საკუთარ მხარეში უყვარს: „მე სამეგრელოდან ვარ, რომელიც ძალიან ლამაზია – იქ თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ. ბევრი მდინარეა, სადაც სათევზაოდ დავდივარ. მიმაჩნია, რომ მსოფლიოში ბევრი ლამაზი კურორტია, მაგრამ მშობლიური მხარე ჩემთვის ყველაზე ძვირფასია და როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, იქ დასვენება ყველაზე მეტად მიყვარს“.