ხვიჩა კვარაცხელია - მოგებით და საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოთი ძალიან ბედნიერი ვარ #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა ბერლინში „უნიონთან“ მოგებულ შეხვედრაზე, რომელშიც „ნაპოლიმ“ ერთადერთი გოლი ქართველი თავდამსხმელის განვითარებული შეტევით გაიტანა – 1:0.
იტალიის ჩემპიონის 22 წლის ქართველი ლეგიონერი უეფა-მ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და შეხვედრის შემდეგ კომენტარი სთხოვეს.
„უპირველესად, იმას ვიტყვი, რომ მოგებით და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოთი ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობა დაფასებისთვის. როგორ შევაფასებდი ჩემს საგოლე გადაცემას და რასპადორის გოლს? ვფიქრობ, კარგი იყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჯაკომომ გაიტანა და მადლობა მას ამისთვის.
შემდეგ ეტაპზე გასვლასთან ახლოს ვართ, მაგრამ წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გვაქვს და ასევე, გამარჯვებებით უნდა გავაგრძელოთ. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მეტოქე. ყველა გუნდს პატივს ვცემთ, მაგრამ მოედანზე მოსაგებად გავდივართ და დღესაც ასე გავაკეთეთ“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, უეფა-სთან ერთად, დაასახელეს საფეხბურთო-ანალიტიკურმა პორტალებმა Whoscored-მა, Flashscore-მა და Sofascore-მა.