ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც რუსეთის პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს, პირველი კომენტარი გააკეთა.
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის თავდამსხმელმა სიხარულიც გამოხატა და არ დამალა, რომ არაერთი ნაკლი აქვს გამოსასწორებელი.
„რუსეთში ძალიან ძნელია, მოწინააღმდეგეებს გასცდე. აქ კარგი მცველები არიან, გუნდები მკაცრად დაცვაში თამაშობენ, მაგრამ ყოველთვის უნდა მოინდომო. მე საგოლე მომენტების რეალიზაციაში უნდა მოვუმატო. ამავე დროს, მეტი გოლის გატანა და მეტი გუნდური მუშაობა მჭირდება“, – ამბობს 19 წლის ქართველი Match TV- სთან ინტერვიუში.
სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი შეარჩიეს ექსპერტებმა: პრემიერლიგის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე „მატჩ პრემიერის” ხუთმა ექსპერტმა, 7 გამოცემის წარმომადგენლმა და რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტანისლავ ჩერჩესოვმა.