„მიმაჩნია, რომ ჯერ ჩემთვის ყაზანის „რუბინში“ ყოფნა უკეთესია, ევროპაში წასვლა მერე აჯობებს“ – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ხვიჩა კვარაცხელიამ.
საქართველოს ნაკრების 19 წლის თავდამსხმელი რუსეთის პრემიერლიგის დასრულებულ სეზონში ყაზანის „რუბინის“ 2019/20 სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მის მომავალზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მას იწვევს ესპანეთის უცნობი კლუბი, რუსეთის პრემიერლიგის „კრასნოდარი“ და მოსკოვის „სპარტაკი“.
საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ახალგაზრდა ფეხბურთელი აცხადებს, რომ ჯერ წასვლას არ ჩქარობს.
„ჯერ ყაზანურ კლუბში კარგად ვგრძნობ თავს. მიმაჩნია, რომ ახლანდელ მწვრთნელთან ლეონიდ სლუცკისთან უფრო გავიზრდები და მოვუმატებ. ამიტომ, მირჩევნია, გარკვეული დრო ისევ „რუბინში“ ვიყო, ადგილი დავიმკვიდრო, უფრო მოვუმატო და გავიზარდო, ამავე დროს, ის ნაკლი დავხვეწო, რაც მაქვს, რაღაცები უფრო გავაუმჯობესო. ევროპაში კი მერე უნდა წავიდე“ – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.