ხვიჩა კვარაცხელია - იტალიაში პირველივე თამაშებიდან ვიპოვე ის თვითრწმენა, რაც ძალიან დამეხმარა #1TVSPORT
„ნაპოლიში“ დაცვაში თამაში გავაუმჯობესე, – ამის შესახებ ეროვნული გუნდის ვებგვერდთან ინტერვიუში იტალიური კლუბისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა.
„ბათუმში ჩასვლის შემდეგ თავდაჯერება დამიბრუნდა. ყოველ თამაშზე სავსე სტადიონი იყო და თავი ისე ვიგრძენი, როგორც ევროპის დიდ გუნდში. ქომაგი არცერთ თამაშს არ აცდენდა, ტრიბუნები სულ სავსე იყო, გუნდში ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ. ბათუმის „დინამომ“ „ნაპოლიში“ ჩემს გადასვლაში ძალიან დიდი როლი ითამაშა.
საერთოდ არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ იტალიაში გადასვლის შემდეგ ალბათ დაცვაში მოქმედება გავაუმჯობესე და უფრო გუნდურად ვთამაშობ. მქონდა ეს მინუსი, ბალანსს ვერ ვპოულობდი – უფრო მეტად თამაშს საკუთარ თავზე ვიღებდი. „ნაპოლიში“ და ნაკრებში გამოსვლებმა შედეგი მოიტანა, რადგან ორივეგან კარგი ფეხბურთელები არიან, მათ გარეშე ასეთი ვერ გავხდებოდი.
ნეაპოლში რომ ჩავედი, ჩემზე ზოგი კარგს ამბობდა, ზოგიც – ცუდს. მაგრამ თამაში რომ დავიწყე და პირველი გოლი გავიტანე, საკუთარი ძალების ვირწმუნე და მივხვდი, რომ მეც შემეძლო გავმხდარიყავი კარგი ფეხბურთელი, პროფესიონალი, ისეთი, როგორებიც სერია A-ში არიან. ჩემს თავში ვიპოვე ის ძალა, რაც შემდეგში ძალიან დამეხმარა“, – განაცხადა ეროვნული ნაკრების 22 წლის ლიდერმა.