ხვიჩა კვარაცხელია გაზეთ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია – საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი გაზეთ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის გამარჯვებული გახდა.

გამოკითხვაში მონაწილეობა 85-მა სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო, მათგან 84-მა საუკეთესოდ კვარაცხელია დაასახელა, რაც „სარბიელის“ გამოკითხვის ისტორიაში რეკორდული შედეგია. მეორე ადგილზე „აიაქსის“ თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე გავიდა, ხოლო მესამეზე – „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვა პირველად 1992-93 წლების საფეხბურთო სეზონების შემდეგ ჩატარდა და პირველი გამარჯვებული გიორგი ქინქლაძე გახდა.

რეკორდსმენია კახა კალაძე, რომელიც საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დაასახელეს, ხოლო შოთა არველაძე პრესტიჟული პრიზის მფლობელი სამჯერ გახდა.

ნომინაციაში „ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტი“ დიდი უპირატესობით გიორგი გოჩოლეიშვილმა გაიმარჯვა. ხოლო ბასა ღოღობერიძის სახელობის სპეციალური ჯილდო ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულ კაპიტანს, მანუჩარ მაჩაიძეს გადაეცა.