ხვიჩა კვარაცხელია „ემპოლისთან“ არ ითამაშებს - ბოლო ცნობები ქართველ თავდამსხმელზე #1TVSPORT
სერია A-ში „ნაპოლის“ მომდევნო მატჩის ჩატარებაც ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე მოუწევს. ქართველი გარემარბი, „ატალანტასთან“ გამოტოვებული მატჩის შემდეგ, 8 ნოემბერს, „ემპოლის“ წინააღმდეგაც ვერ ითამაშებს – ინფორმაციას calciomercato ავრცელებს.
„ზურგის ძლიერი ტკივილის გამო, ხვიჩა კვარაცხელიამ „ატალანტას“ წინააღმდეგ მატჩი გამოტოვა. ამჟამად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ჯერ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა. ბოლო დღეებში ხვიჩას არ უვარჯიშია. ამიტომ სპალეტის არ სურს, რომ ფეხბურთელის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენოს“.
„ნაპოლის“ ბოლო ვარჯიშის შემდეგ, კვარაცხელიას შესახებ ინფორმაცია Sky Sports-მაც გაავრცელა: ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მან ისევ გამოტოვა ვარჯიში. კვარაცხელია „ემპოლისთან“ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ვინ დაიკავებს ქართველის ადგილს, ელმასი თუ რასპადორი, ჯერჯერობით უცნობია. ჩრდილოეთ მაკედონელმა „ატალანტასთან“ გოლი გაიტანა, მაგრამ ამჯერად, შესაძლოა, უფრო მეტი შანსი რასპადორის ჰქონდეს“.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მე-14 ტურის მატჩს „ნაპოლი“ 8 ნოემბერს, „სტადიო დიეგო მარადონაზე“, „ემპოლის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.