ხვიჩა კვარაცხელია - ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ, 12 ივნისს ბულგარეთთან სავსე სტადიონს ველოდებით #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან პირადად იძია შური – 21 წლის ფეხბურთელს განსაკუთრებული მონდომება ეტყობოდა, გოლიც გაიტანა და გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
„ჯვაროსნების“ ახალგაზრდა ლიდერმა დაამტკიცა, რომ 2020 წლის 12 ნოემბერს, როდესაც ჩრდილოეთ მაკედონიამ თბილისში მოიგო, მისი არყოფნა გუნდს ძალიან დაეტყო.
„რა თქმა უნდა, გამარჯვებას დადებითად შევაფასებ, უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოვიპოვეთ, ჯგუფში ვლიდერობთ, 9 ქულა – სამიდან სამი მოვიგეთ და ჩემი აზრით, ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ და შედეგიც ჩანს“, – ამბობს კვარაცხელია.
მან სკოპიეში მყოფ ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა:
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც ყველგან დაგვყვებიან და ისეთ ატმოსფეროს გვიქმნიან, არ ჩერდებიან. უღრმესი მადლობა მათ, ვინც მოვიდა და ვინც შინიდან გვიგულშემატკივრა“.
ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრების მხარდამჭერებს მიმართა, რომ 12 ივნისს ბულგარეთთან „დინამო არენას“ ტრიბუნები შეავსონ:
„ვფიქრობ, მათი დაპატიჟებაც არ გვჭირდება, იმიტომ, რომ ქართველმა გულშემატკივარმა იცის – ყველა თამაშზე უნდა მოვიდეს და სტადიონი გაგვივსოს. ველოდებით 12-ის თამაშს. ვიცით, რომ ქართველი გულშემატკივრები ჩვენ გვერდით იქნებიან და კიდევ ერთ გამარჯვებას ბულგარეთთან მოვიპოვებთ“.