ხვიჩა კვარაცხელია - ჩემთვის „სარბიელის“ პრიზი ძალიან საპასუხისმგებლო და სასიხარულოა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა „სარბიელის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე, რომელშიც სპორტულმა ჟურნალისტებმა 2022/2023 წლების სეზონის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
„ძალიან დიდი მადლობა, მინდა, გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, რომლებმაც გამოკითხვაში მიიღეთ მონაწილეობა. ჩემთვის ეს პრიზი ძალიან საპასუხისმგებლო და სასიხარულოა და შევეცდები, კიდევ ბევრჯერ ვასახელო ჩემი ქვეყანა, კიდევ ბევრი ვიშრომო და კიდევ ბევრს მივაღწიო. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის გვერდში მიდგახართ და ყოველთვის მამხნევებთ“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
85 ჟურნალისტიდან 22 წლის თავდამსხმელი მეორე ნომრად მხოლოდ ერთმა დაასახელა, ყველა სხვამ მას პირველი ადგილი მიაკუთვნა. ხვიჩამ ქულათა პროცენტული რაოდენობით 2002/2003 წლების სეზონის შედეგი გააუმჯობესა, როდესაც საუკეთესოდ კახა კალაძე აღიარეს. ხვიჩამ „სარბიელის“ პრიზი მეორედ მიიღო. პირველად გამოკითხვაში საუკეთესოდ 2020/2021 წლების სეზონის შედეგების მიხედვით დაასახელეს.
საქართველოს ნაკრებისა და იტალიის ჩემპიონის, „ნაპოლის“ შემტევმა 254 ქულა მოაგროვა, მეორე ადგილზე ფრანგული „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე გავიდა (130 ქულა), ხოლო მესამეზე – „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი (102).