ხვიჩა კვარაცხელია - ჩეხეთთან ლამაზი ფეხბურთით და ასეთი ანგარიშით მოგება ძალიან მნიშვნელოვანია [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია - ჩეხეთთან ლამაზი ფეხბურთით და ასეთი ანგარიშით მოგება ძალიან მნიშვნელოვანია [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა ერთა ლიგის B1 ჯგუფში ჩეხეთთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად მოიგო 4:1, კვარაცხელიამ კი ანგარიში პენალტით გახსნა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოგება იყო. ჩემი აზრით, ასეთი ლამაზი ფეხბურთი, დიდი ხანია, არ გვითამაშია და ძალიან კმაყოფილები ვართ. იყო შეცდომები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, მაგრამ ამას გავაანალიზებთ. 4:1-ით მოგება ისეთ ძლიერ ნაკრებთან, როგორიც ჩეხეთია, ძალიან მნიშვნელოვანია.

თითქმის ყველა შექმნილი ეპიზოდი გამოვიყენეთ და, ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ამით ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯგუფური ეტაპის მოგებით დაწყება, რაც ალბანეთთან სტუმრად კარგი თამაშით უნდა გავამყაროთ.

საქართველოს ნაკრებს ყველა ტურნირზე შეუძლია წარმატების მიღწევა, რადგან დღეს ანგარიშგასაწევი გუნდი ვართ და ყველაფერს კარგად ვაკეთებთ – ეს დღევანდელმა მატჩმაც დაამტკიცა, ჩეხეთის ნაკრებთან 4:1-ის მოგება, თანაც ასეთი ლამაზი ფეხბურთის ჩვენება ძალიან კარგია.

ყველა გოლი ჩემთვის მნიშვნელოვანია, დღევანდელი თამაშით ბედნიერი ვარ. შევეცდები, გოლები სხვა მატჩებშიც გავიტანო და საქართველოს ნაკრებს ყველანაირად დავეხმარო, რასაც ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთთან გამართავს, რომელმაც პირველ ტურში უკრაინა გასვლით მატჩში დაამარცხა (2:1) და საქართველოს ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის B1 ჯგუფის ლიდერია.