ხვიჩა კვარაცხელია „ბოლონიასთან“ მატჩში ორმა ანალიტიკურმა პორტალმა საუკეთესოდ დაასახელა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია „ბოლონიასთან“ მატჩში ორმა ანალიტიკურმა პორტალმა საუკეთესოდ დაასახელა #1TVSPORT

CalcioNapoli24-მა იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ბოლონიასა“ – „ნაპოლის“ შეხვედრისას (0:0) მომხდარ ინციდენტებზე წერილი გამოაქვეყნა და ფეხბურთელები ქულებით შეაფასა.

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ვიქტორ ოსიმენის შეცვლის ეპიზოდზე მატჩის 85-ე წუთზე. ნიგერიელი გაბრაზდა და მთავარ მწვრთნელს უთხრა, რომ ორი თავდამსხმელით შეტევა სჯობდა. ოსიმენი რუდი გარსიამ ჯოვანი სიმეონეთი ჩაანაცვლა.

„კვარაცხელია შეცვლით უკმაყოფილოა, თუმცა გავიხსენოთ, რომ მან სპალეტის ხელმძღვანელობითაც პირველი სრული მატჩი გასული წლის ოქტომბერში ჩაატარა. რუდი გარსიას გადაწყვეტილებაზე ცუდი რეაქცია ჰქონდა ოსიმენსაც. ნიგერიელმა თავდამსხმელმა რამდენიმეჯერ დაიყვირა, როცა მოედანს ტოვებდა და შეეცადა, მწვრთნელისთვის აეხსნა, რომ ორი თავდამსხმელით თამაში სჯობდა.

ფეხბურთელი და მწვრთნელი ერთმანეთს უყვიროდნენ, ოსიმენი ჩივილს სათადარიგოთა სკამზეც განაგრძობდა. „ბოლონიასთან“ მატჩი „ნაპოლის“ „ტიფოზებისთვის“ მორიგი იმედგაცრუება იყო და მათ ტრიბუნები აღშფოთებულებმა დატოვეს. ისინი რუდი გარსიას აკრიტიკებენ“, – წერს CalcioNapoli24-ი.

„ბოლონიასთან“ შეხვედრის შემდეგ CalcioNapoli24-ზე „ნაპოლის“ მოთამაშეებს შორის საუკეთესო შეფასება, 6,5 ქულა დაუწერეს: მეკარე ალექს მერეტს, ნათანს, ანგისას, ლობოტკას, ზელინსკისა და კვარაცხელიას.

საერთაშორისო ანალიტიკური პორტალების აზრები კი გაიყო. ქართველს Sofascore-მა 7,1 ქულა დაუწერა, საუკეთესოდ კი ჯაკომო რასპრადორი დაასახელა (7,8). whoscored-მა „ნაპოლიში“ საუკეთესოდ სწორედ კვარაცხელია მიიჩნია (7,4 ქულა), ხოლო flashscore-მა 7,4 ქულით შეაფასა ხვიჩასა და ლეო ოსტიგორის ასპარეზობა.