ხვალ, 9 ოქტომბერს, საცხოვრებელ სახლზე თბილისში (ანტონოვსკაიას 9 ბ, აქსის პალასის უკან, ყაზბეგის გამზირი), სადაც ვიტალი დარასელია ცხოვრობდა, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ფეხბურთელის მემორიალური დაფა გაიხსნება.
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, მემორიალური დაფის განთავსება 14:00 საათზე დაიწყება – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ეს ამბავი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის დაბადების დღეს დაამთხვიეს.
ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები და სფეროს გამოჩენილი მოღვაწეები დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი, იყო თასების მფლობელთა თასის 1980–81 წლების გათამაშების ფინალის გმირი – 13 მაისის შეხვედრაში, დარასელიამ მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, „კარლ ცაისის“ კარში გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა. 1982 წლის 13 დეკემბერს კი რიკოთის უღელტეხილზე მომხდარ ავტოკატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად გარდაიცვალა.