ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრები ხუთ წონით კატეგორიაში მედლების მოპოვების შანსს ინარჩუნებენ.
ფრიდონ და ლერი აბულაძეებმა დღე წაუგებლად დაასრულეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრებს იჭიდავებენ. გიორგი ქაცანაშვილი რეპეშაჟის ფინალში, ხოლო ნიკა შერბაკოვი და რობინზონ ესაძე რეპეშაჟის ნახევარფინალში გავიდნენ.
სამშაბათს მედლებისთვის ბრძოლას დიეგო ჩხიკვაძე (60 კგ), გიორგი შოთაძე (67 კგ), ოთარ აბულაძე (72 კგ), ბექა გურული (82 კგ) და კოკა ღარიბაძე (97 კგ) დაიწყებენ. წინასწარი ეტაპის და რეპეშაჟის შეხვედრები თბილისის დროით 13 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ფინალური ბლოკის შეხვედრები კი 20:00 საათიდან ჩატარდება.