საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს MMA-ის სამოყვარულო ტურნირი – „იანგ უორიორსი“ გაიმართა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირებისადმი მიძღვნილ ტურნირზე საქართველოს სხვადადხვა რეგიონის 24 მებრძოლი მონაწილეობდა. ბრძოლები ღია ცის ქვეშ მოწყობილ ოქტაგონზე, MMA-ის წესებით ჩატარდა.
„იანგ უორიორსის“ შექმნის იდეა საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციასა და GFC-ის პრეზიდენტს, გიორგი კაბულაშვილს ეკუთვნით. ტურნირის ჩატარების მიზანი ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და მათი პრესტიჟულ ორგანიზაციებში ინტეგრაციაა. ტურნირს ტრადიციული სახე ექნება და ყოველი წლის რვა აგვისტოს, ხურვალეთში გაიმართება.