ხუან სებასტიან ვერონი - თუ მესი „ესტუდიანტესში“ მოვა, ათი ნომერი მისია
არგენტინული „ესტუდიანტესის“ წარმომადგენელი და წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ხუან სებასტიან ვერონი „ბარსელონადან“ ლიონელ მესის შესაძლო წასვლის შესახებ საკუთარ აზრს გამოთქვამს.
„თუ „ესტუდიანტესში“ მოსვლას გადაწყვეტ, 10 ნომერი შენია“, – მიმართავს ვერონი მესის, თუმცა იქვე ამატებს, რომ „ბარსელონას“ გარდა სხვა გუნდში ეს ფეხბურთელი ვერ წარმოუდგენია.
„მე ის ვერ წარმომიდგენია სხვა გუნდში, მაგრამ ფეხბურთი ისეთი რამ არის, რომ მალე მართლა შეგვიძლია გავხდეთ მისი „ბარსელონადან“ წასვლის მოწმეები. ყველა ფეხბურთელი თავად წყვეტს საკუთარ მომავალს. ახლა გუნდს ცუდი პერიოდი უდგას, ახალი ჩავის და ინიესტას პოვნა კი ძალიან რთულია“, – ამბობს ვერონი.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ლიონელ მესი „ბარსელონას“ აღზრდილია. მიმდინარე სეზონში მან 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 22 გოლი და 20 საგოლე პასი შეასრულა. მისი კონტრაქტი კატალონიურ გუნდთან 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.