ხოსეპ გვარდიოლამ ჟოზე მოურინიოს რეკორდი მოხსნა - ესპანელმა პრემიერლიგაში 200 მატჩი ყველაზე სწრაფად მოიგო #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ ესპანელმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ინგლისის პრემიერლიგაში 200 მატჩი ყველაზე სწრაფად მოიგო მთავარი მწვრთნელის რანგში და ჟოზე მოურინიოს რეკორდი მოხსნა.
პორტუგალიელს ინგლისის მთავარ საფეხბურთო ლიგაში 200 გამარჯვებისთვის 326 შეხვედრა დასჭირდა, ხოლო იმავე მაჩვენებელს გვარდიოლამ 269 მატჩში მიაღწია. საიუბილეო დაპირისპირება მისმა გაწვრთნილმა გუნდმა „შეფილდ იუნაიტედთან“ სტუმრად მოიგო – 2:1.
ესპანელმა სპეციალისტმა „მანჩესტერ სიტი“ 2016 წელს ჩაიბარა. შვიდი წლის მანძილზე მან ხუთჯერ იზეიმა პრემიერლიგის ჩემპიონობა, 2023 წელს კი ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორიც გახდა.
მიმდინარე სეზონში გვარდიოლას გაწვრთნილი „სიტი“ ინგლისის ჩემპიონატს ცხრა ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.