ხოსეპ გვარდიოლა - „ბრაიტონი“ არის გუნდი, რომლისგანაც ძალიან ბევრს ვსწავლობ #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებულის რანგში მორიგ შეხვედრას „ბრაიტონის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩის წინ მანჩესტერული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ რობერტო დე ძერბის მუშაობით აღფრთოვანებულია და „ბრაიტონი“ ის გუნდია, რომლისგანაც ბევრს სწავლობს.
„„ბრაიტონი“ გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობს. მათი თამაშის სტილი სრულიად განსხვავდება პრემიერლიგის დანარჩენი გუნდების თამაშისგან. ვფიქრობდი, დე ძერბი საკუთარ ხედვებს დანერგავდა, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, ასე მოკლე დროში მსგავს შედეგს თუ აჩვენებდა.
ჩვენი მომავალი მეტოქე თამაშის განმავლობაში დაახლოებით 25 სახიფათო მომენტს ქმნის, რაც მაოცებს. მსგავსი სტილი ფეხბურთში დიდი ხანია, არ მინახავს. მათი შეტევის დროს თითოეული ფეხბურთელი ეხება ბურთს, მეკარეც კი ნახევარმცველის ფუნქციებს ასრულებს.
ეს ის გუნდია, რომლისგანაც ძალიან ბევრს ვსწავლობ და მოახლოებული ორი ფინალის წინ მათთან თამაში „მანჩესტერ სიტისთვის“ ძალიან დიდი გამოწვევაა“, – განაცხადა გვარდიოლამ.
გვარდიოლას გუნდი ივნისის თვეში ორი ტურნირის ფინალში ითამაშებს. 3 ივნისს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის გადამწყვეტ შეხვედრაში „სიტი“ თანაქალაქელ „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდება, ხოლო 10 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში – მილანის „ინტერს“. გამარჯვებების შემთხვევაში ესპანელი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი გახდება პირველი 1999 წლის შემდეგ, რომელიც ერთ სეზონში ორ ინგლისურ ტიტულსა და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ბოლოს ეს ფერგიუსონის „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოახერხა.
რაც შეეხება „ბრაიტონს“, რობერტო დე ძერბის გუნდმა ისტორიაში ევროტურნირის საგზური პირველად მოიპოვა, პრემიერლიგის ბოლო ტურში კი გაირკვევა, „თოლიები“ მომდევნო სეზონში ევროპის ლიგაზე ითამაშებენ თუ კონფერენს ლიგაზე.