იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ესპანიოლის“ თავდამსხმელი ხოსელუ კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.
ამჟამად „რეალი“ კატალონიურ კლუბთან სატრანსფერო დეტალებთან დაკავშირებით მოლაპარაკების ბოლო ეტაპზეა, ხოლო თავად ფეხბურთელთან შეთანხმებას გასულ კვირას მიაღწია.
ცოტა ხნის წინ 33 წლის ხოსელუმ უეფა-ს ერთა ლიგის ნახევარფინალში იტალიასთან გადამწყვეტი გოლი გაიტანა და ესპანეთის ნაკრები ტურნირის ფინალში გაიყვანა.
ესპანელი ფეხბურთელი „სელტას“ აკადემიის აღზრდილია. 2009 წელს იგი სწორედ მადრიდის „რეალმა“ შეიძინა და ჯერ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, ხოლო 2011 წელს ძირითადი გუნდის რიგებშიც ითამაშა. შემდეგ იყო რამდენიმე წარუმატებელი ტრანსფერი გერმანიასა და ინგლისში. ხოსელუს კარიერის საუკეთესო პერიოდი 2019 წელს „ალავესში“ დაიწყო, სამი სეზონის მანძილზე მან ლა ლიგაში 36 გოლი გაიტანა. 2022/23 წლის სეზონი კი მან „ესპანიოლში“ გაატარა, სადაც თავის გამოჩენა 16 გოლითა და ოთხი საგოლე გადაცემით მოახერხა.
მიმდინარე წლის მარტში, ხოსელუმ პირველად მიიღო მიწვევა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში, მაშინ ის 32 წლის იყო. ჯამში, ეროვნულ გუნდში ჩატარებულ სამ შეხვედრაში მის ანგარიშზე სამი გატანილი გოლია.
სავარაუდოდ, ესპანელის მადრიდის „რეალში“ ტრანსფერი სანაკრებო პაუზის შემდეგ დადასტურდება. ჯერ კონტრაქტის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.