ხორვატული გამოცემა - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოსარჩევი არიან აზაროვი და გაგნიძე, მათ ეროვნულ გუნდში თამაშის გამოცდილებაც აქვთ #1TVSPORT
ხორვატული გამოცემა - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოსარჩევი არიან აზაროვი და გაგნიძე, მათ ეროვნულ გუნდში თამაშის გამოცდილებაც აქვთ #1TVSPORT

ხორვატულმა გამოცემამ, Nacional.hr-მა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებზე, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი ოფში ხორვატიის ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდება, სტატია გამოაქვეყნა.

„ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები საქართველოს ეთამაშება. „ტრანსფერმარკტზე“ საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ფასი 13 მილიონი ევროა, ხოლო ხორვატიის – 54 მილიონი ევრო.

ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ივიცა ოლიჩი ქართველებს აქებს და ქართული ფეხბურთის აღმავლობაზე საუბრობს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წელს პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე, ამ გუნდის წევრები ახალგაზრდულ გუნდშიც გამოდიან – „შახტარის“ მარცხენა მცველმა, ირაკლი აზაროვმა, რომელიც 5 მილიონი ევრო ღირს, საქართველოს ეროვნულ გუნდში 18 მატჩი ჩაატარა.

აზაროვის გარდა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ლუკა გაგნიძესაც, რომელმაც ქვეყნის მთავარ ნაკრებში ხუთი მატჩი ჩაატარა. მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 1,8 მილიონი ევროა. გაგნიძე მოსკოვის „დინამოში“ თამაშობს. მან 16 წლის ასაკში საუკეთესო ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდო მიიღო.

ხორვატია პირველ მატჩს 15 ნოემბერს – საქართველოში, ხოლო საპასუხოს ოთხი დღის შემდეგ სამშობლოში გამართავს. ჩვენს ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს საპასუხო მატჩის ჩატარება საკუთარ მოედანზე სურდათ, სადაც, იმედია, ევროპის ჩემპიონატზე გასვლას იზეიმებენ“, – წერს ხორვატული გამოცემა.